ლშს... / Lcs...

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე; ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... რომანები... მოთხრობები... ზღაპრები... პიესები... იუმორი... სატირა... პოეზია... თარგმანი... გამოცემული წიგნები და ჟურნალები... დეკლამაციური ინტერპრეტაციები… მხატვრობა... ფოტოსურათები... / Literary-cognitive space; Information… Essay… Publicism… Novels… Stories… fairy tales… Plays… Humour... Satire… Poetry… Translation… The published books and magazines... Declamatory interpretations… Painting… Photographs...

пятница, 28 августа 2009 г.

ზღაპარ იყო… / It was a fairy-tale...



ჯანრი გოგეშვილი

Janri Gogeshvili


)(


ფრაციოლა და ლულუფარი


”მედიცინა, რომელიც ადამიანს ემსახურება, ხელოვნებასაც მიეკუთვნება და მეცნიერებასაც…” ხშირად და ხაზგასმით იმეორებდა მკურნალი ლულუფარი ერთი ცნობილი მკვლევარის აზრს და მერე აღმაფრენით მოჰყვებოდა სულიერი თერაპიის თავისეული მეთოდების გაშლასა და განზოგადოებას. მისი ნაღვაწ-ნაშრომი ”ყვავილებით, ლამაზი ნივთებითა და სულისშემძვრელი ამბებით მკურნალობა”, ხომ ყალდენის თვალწარმტაც დედოფლის ფრაციოლას კარზე დიდი ინტერესით სარგებლობდა.

ყალდენი კი, მოგეხსენებათ მთელს ქვეყანაზედ ძალზე სახელგანთქმული დასახლება იყო. მსოფლიო რუქაზე იგი ქალაქ-სახელლმწიფოდ გახლდათ მოხსენიებული, თუმც ისე, ორიოდ ბორცვზე განლაგებულ, ყვავილების ბაღებით შემოსაზღვრულ შენობებს წარმოადგენდა… ოღონდ ეს იყო, ასზე მეტ სახელმწიფოში, მაინც გააჩნდა საელჩო თუ საკონსულო.

ყალდენის დიდგვაროვან ხელმწიფეს ფრაციფუცსა და თვალწარმტაც დედოფალ ფრაციოლას კი დედამიწის სხვადასხვა კუთხეში გაშენებული ათასამდე ვილა თუ სასახლე ეკუთვნოდათ.

დიახ, ძალზე მდიდრები იყვნენ…

ყალდენის გარშემო მიმდებარე კლდოვანი ხევები, რომლებიც ამ მართლაც უცნაური ქალაქ-სახელმწიფოს ზეგავლენის სფეროში შედიოდნენ, სავსე გახლდათ სხვადასხვა, უცხო ჯურის ფრინველთა სკორეს ძვირფასი საბადოებით.

და უნდა მოგახსენოთ, აქ მოპოვებული ფრინველთა პატივის ექსპორტირებას ანუ ქვეყნის გარეთ გატანასა და გაყიდვას მსოფლიოს გამოჩენილი მეწარმეები ეშურებოდნენ.

ამბობდნენ, იქაური ნაკელით განაყოფიერებულ მიწაზე უმშვენიერესი ყვავილები მოჰყავთო, მაგრამ უფრო, ალბათ იმ ჭორისა სჯეროდათ, რომლის მიხედვით ამ თავისებურ ექსკრემენტში, ვითომდაც პაწაწკინტელა, ოქროდქცეულ და ზღაპრულად შეფერადებულ კვერცხებს პოულობენო…

აკი, დაუზარებლად მომრგვალებული ლულუფარი ხშირად ტრაბახობდა, ჩემმა დიდმა პაპამ ანუ მეფე ფრაციფუცის გარე პაპამ, როცა თურმე ერთად დაგროვილი ფრინველთა სკლინტის პირველი გროვა აღმოაჩინა, თვალი იმგვარმა ბზინვარებამ მოსჭრა, რომ თავისი ძმის, მეფე ფრაციფუცის ნაღდი პაპის გასამხნევებლად ასე შესძახა;

-დახე, საძირკველი ამ ჩვენს ყალდენს ოქროსი ჰქონია!

ასე იყო თუ ისე, ქალაქ-სახელმწიფოდ აღიარებულ ყალდენს უცხოელები თითოეულ უნცია სკორეში, თითქმის შესაბამის უნცია ნუგბარს და სხვა მისთანა რამეებს სთავაზობდნენ და რა გასაკვირია მაგვარი სკლინტი შინაურსა და გარეულს ბაჯაღლო ოქროდ მოეჩვენებოდათ.

მაგრამ მიუხედავად ამისა, თვალწარმტაც ფრაციოლას, ეს აურაცხელი სიმდიდრე ბედნიერს ვერ ხდიდა, რადგან გათხოვების შემდეგ მას სულ უფრო და უფრო იპყრობდა ამა სოფლის ამაოებაზე ფიქრი და ხშირად სასოწარკვეთას ეძლეოდა… ადგილს ვერ პოულობდა, ხან თავის ტკივილს იმიზეზებდა, ხანაც დაღლილობას, რათა როგორმე განმარტოებულიყო…

და ფრაციფუცმაც, ვინაც გართობის დიდი მოყვარული ბრძანდებოდა, გული ადვილად აიყარა მასზე. გამუდმებით მოგზაურობდა თავის ამალასთან ერთად, გაზეთებში კი, მის შესახებ ათასგავარ ჭორსა და თავშესაქცევ ამბებს ამოიკითხავდით…

სასოწარკვეთამდე მისულ ფრაციოლას, რომელსაც ყალდენის დატოვება რამდენიმე დღითაც კი, დიდად ეძნელებოდა, მეუღლის გულარხეინობა და აღმა-დაღმა ხეტიალი კიდევ უფრო უმძაფრებდა სულიერ ტკივილს და ავბედით ფიქრებში გახლართული დაჟინებით უმტკიცებდა საკუთარ თავს, რომ ამქვეყნად აღარაფერს ჰქონდა ფასი.

ლულუფარი სწორედ რომ დროზე შეაღებდა მისი ოთახის კარს, ყვავილებითა ან რაიმე ნივთით ხელდამშვენებული, ვითომდაც, რაღაც ორიოდე წუთის უკან დაცილებულ თანამგზავრთან შეწყვეტილ, გონებაში სახელდახელოდ შეთხზული ამბავის მოყოლას იწყებდა, ფრაციოლას ყურადღებას თავისებურად, ვითომდაც უნებლიეთ გადაიტანდა ყვავილებსა თუ მომხიბლავ ნივთებზე და მალე მარტოსულობისგან თავდახსნილი დედოფალი ცნობისმოყვარედ შესცქეროდა მორთმეულ ყვავილებსა თუ ნივთს. უკვე, სიცოცხლით ტკბობის სურვილსაც გაამჟღავნებდა, ლულუფარს გატაცებით უსმენდა.

მერე პირისფარეშებიც შემოეფინებოდნენ გარშემო და სულ ცოტა ხანში სასახლიდან მისი ტკარცალის ხმასაც გაიგონებდით…

მაშინ, ტრედონას, ყალდენის უწარჩინებულეს მეყვავილეს სულში ნათელი ჩაეფინებოდა. იგი სრულიად ყმაწვილი ქალი გახლდათ, მაგრამ გამზრდელ ბებოს ბალღობიდანვე შველოდა ყვავილების უჩვეულო ბაღის მოვლაში და სასახლის კარზე დიდი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობდა.

ყმაწვილი ქალი გულმხურვალედ ესწრაფვოდა მკურნალ ლულუფარისთვის, რაც შეიძლება გამორჩეული სილამაზის ყვავილები დაეხვედრებინა… გატაცებით ეცნობოდა ყვავილთა შესახებ არსებულ მრავალფეროვან ლიტერატურას.

განსაკუთრებით, მცენარეებზე ციურ მნათობთა ზეგავლენის შესწავლა აინტერესებდა, ამ მიმართულებით, რაღაც განსაკუთრებულ ნიჭს ამჟღავნებდა და მისი წყალობით შეძლო კიდეც ყვავილთა ამა თუ იმ ჯიშის გადახალისება, მათი მოყვანილობის, ფერის, სურნელის შეცვლა.

ერთ გადაგვარებულ ჯიშს, საუკუნეების მანძილზე დაკარგული სამკურნალო თვისებებიც კი აღუდგინა და რა თქმა უნდა, მკურნალ ლულუფარის დიდი აღტაცება გამოიწვია.

და აი, იგი დიდის მონდომებით აკვირდებოდა ვარდის ერთ გადახალისებულ ჯიშს, ოდესღაც მთვარის ვარდად, რომ იწოდებოდა. რა ხანია, მის ამბავს საიდუმლოდ ინახავდა, რადგან გადახალისებული ვარდი, მთვარის შუქში მეშვიდედ განბანვის შემდეგ აღივსებოდა იდუმალი სურნელით…

იქამდე კი, მისი მოწყვეტა არაფრით არ შეიძლებოდა…

წამით, ყმაწვილ მეყვავილეს მოეჩვენა, რომ ამ სუსტი არსების ღეროსა და ფურცლებში შიგადაშიგ, რაღაც შეფარვით ბობოქრობდა. მიუყურადა კიდეც…

და უეცრად, თავს ბაღში მალულად შემოპარული ლულუფარი წაადგა.

-სალამი ჩიტუნი!-ჩვეულებისამებრ მხიარულად შემკრთალ ასულს, ბუნჩულა თითები მხართან მოუთათუნა და თავმომწონედ წარმოთქვა,-მედიცინა, რომელიც ადამიანს ემსახურება, ხელოვნებასაც მიეკუთვნება და მეცნიერებასაც!

მერე თავის ნაღვაწ-ნაშრომიდან (”ყვავილებით, ლამაზი ნივთებითა და სულისშემძვრელი ამბებით მკურნალობა”) ერთი სანაქებო თავი გაიხსენა, თან თვალწარმტაც ფრაციოლას მომხიბვლელობაზე ჩამოაგდო სიტყვა.

თავაშვებული, თავქეიფა ფრაციფუციც მოიგონა და უცებ ტრედონამ იგრძნო, რომ ეს ერთი შეხედვით მიამიტი ლულუფარი დედოფალზე გამიჯნურებული იყო.

უნებლიეთ შეცბუნდა, თითქოს გაუკვირდა კიდეც, რომ ამგვარი რამის მიხვედრის უნარი გამომამჟღავნა.

-რა მშვენიერი ვარდია?!-ჩაესმა ლულუფარის აღტაცებით ნათქვამი.

-მაგრამ ის, ჯერ კიდევ თითქმის კოკორია…-მისი გადარჩენა სცადა მეყვავილემ.

-სულაც არა…-ნიშნისმოგებით მიუგო მან,-ხომ იცი, ყალდენი პაწია ქვეყანაა, სამეფო სასახლის აივანზე გამართულ ჭოგრიტიდან ყოველი მისი კუთხე-კუნჭული მოსჩანს… და უნდა მოგახსენო, რომ ამ დილით, იმ სამეფო ჭოგრიტში გაშლილი უნახავს თვალწარმტაც ფრაციოლას…-დიდი სიფრთხილით წარმოთქვა ლულუფარმა და ქვედა, გადმობრუნებულ ბაგეზე იმგვარი მღელვარება აღებეჭდა, რომ დაბნეულმა ტრედონამ წამით ვერაფერი შებედა,-რა ვქნა გენაცვალე, მე ყალდენის ტახტის პირდაპირ მემკვიდრეს ფრაციფუცის ქვეშემრდომობა მარგუნა ბედმა…-გააგრძელა ოხვრით და მოჰყვა თავისას თუ როგორ გაასულელა ფრაციფუც-ტრიპუზას ნაბუშარმა უფლისწული ლულუფარ-ენდე.

ტრედონა თითქმის არ უსმენდა. იგი ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ შეეჩერებინა აღელვებული მკურნალი, რომელსაც ის იყო ჩანთიდან მოოქროვლილტარიანი დანა ამოეღო და ვარდის ღეროს ათვალიერებდა.

-მაგ ვარდის ღირსებაში ჯერ მე თავად ვერ გავრკვეულვარ, ახლა მაგის მოწყვეტა არ ივარგებს, ერთი რამეც და…-შებედა მკურნალს.

-დედოფალი გაგვეტანჯება, ამად კი არც ერთი ღირსება არ ღირს ამქვეყნად!-შეეპასუხა იგი, ვარდის ფურცლებს მზერა თითქოსდა ნამალევად შაცოცა და დანა მარჯვედ შეათამაშა.

ტრედონამ რაღაც სხვაგვარად დაიკვნესა.

-არა მეთქი!-მისი ხელის შეკავებას შეეცადა, მაგრამ გვიანღა იყო.

მკერდზე ვარდაკრული ლულუფარი სასახლისკენ გაიქცა.

გზად ვარდს რამდენიმე ფურცელი შემოეცალა და ჰაერში უცნაურად დატრიალდა.

-რა მოთმენლობა იყო?!-ვერ დაფარა წყენა ასულმა. მთვარისფერმა ფურცლებმა კი უფრო ძალუმად იწყეს ტრიალი და უცებ მათ გარშემო საოცარი ქარბობოლა ამოვარდა.

ვარდის ყნოსვით გართული ლულუფარი ამასობაში სასახლეში შევარდა და ფრაციოლას სამყოფელისკენ გაიჭრა.

ქარბობოლამ კი, თითქოს ჭადრაკის დაფაზე მხედრის დარად და ზედიზედ გადაინაცვლაო, ისე ჩამოუქროლა ყალდენს და გზადაგზა, მიწის სიღრმიდან ამოზიდულ-ამოფრქვეული პაწაწკინტელა ოქროსნაირი კვერცხების ჭავლები აღმართა.

ყალდენის მიწა შეზანზარდა და ქარბობოლას ნავალზე ერთიანად ჩაიქცა.

აფორიაქებულმა ტრედონამ ცის სიღრმისკენ ატყორცნილ მომაჯადოებელ ფერთა შადრევანს გააყოლა მზერა და სუნთქვა შეეკრა.

ქალაქ-სახელმწიფო ყალდენის თავზე ცა თითქოს გადახსნილიყო. იერი სარკეს მიუგავდა და შიგ მთვარის ვარდის ყნოსვით გაცისკროვნებული თვალწარმტაცი ფრაციოლა და მის მკერდს აკრული, ნეტარებისგან ბაგემოთამთამე ლულუფარი მოჩანდა.

მერე ცა შეინძრა, ამოტრიალდა და ახლა ვეებერთელა, მრავალეკრანიან ტელევიზორს დაემსგავსა. ყველგან უცნაური, იმ კვერცხებისგან დაჩეკილი, ლამაზ-ლამაზი ფრინველები და ფრინველთა ფერებით სავსე ქალაქებისა და სოფლების ხედები მოჩანდა.

უცებ, სასახლის აივნიდან ორი ხოხბისფერი ფრინველი აფრინდა, ორივე სამეფო ხოხბის ჯიშისა ჩანდა, მაგრამ ერთი თვალწარმტაც ფრაციოლას ჩამოჰგავდა, მეორე კი ტახტის დაბრუნების მოსურნე მკურნალ ლულუფარს.

სასახლის ეზოში თოფმა დაიქუხა. დედოფლის ღალატით გაცეცხლებულმა, იმხანად ყალდენში შემთხვევით შემოვლილმა ფრაციფუცმა გაფრენილთ ტყვია ტყვიაზე დაადევნა…

ერთმა მათგანმა ფრაციოლა ხოხობს ყელი გაუკაწრა.

ფრთოსანმა ლულუფარმა დაიწივლა, ცალი ფრთა ქვემოთ დაშვებულ გულისტოლს შეაშველა და კისერი ყელს ქვემოთ სათუთად ამოუდო.

ფრაციფრუცის გასროლილმა ტყვიამ ახლა მას უწია და ბუმბული მასაც სისხლით მოეთხვარა…

მაგრამ მაინც თავგანწირვით მიიწევდნენ წინ.

ეტყობა, ამქვეყნიური უკვე აღარაფერი ახსოვდათ და მხოლოდ ცისკენ, უცნაური ფრთოსნებით დასახლებულ სამყაროსკენ მიუწევდათ გული…

არჩევანი დიდი იყო, მაგრამ მათ, სამეფო ხოხობისფრად მორთულ ყელწითელა არწივების ქვეყანა ხვდათ წილად.

გახელებული ფარაცაფუცი, ვინაც დედოფალზე უფრო, ცად წასულ ყალდენის ოქროს საძირკველს მისტიროდა, ახლა ყოველგვარ თოფსა და ზარბაზანზე უფრო საშინელ იარაღს, სკორესსასაროლ არტილერიას ადგმევინებდა მსახურებს სასახლის აივანზე.

-რა მოთმენლობა იყო, თანაც ასე დახელოვნებული მკურნალისაგან?!-დაიჩივლა შეწუხებულმა მეყვავილემ,-რომ არ ეჩქარა და ვარდის მეშვიდედ განბანვამდე დაეცადა, საქმე სულ სხვაგვარად წარიმართებოდა…-იქითკენ შეპარვით გაიხედა, სადაც მიწაში ჩარგული ვარდის ღეროწაჭრილი ძირი ეგულებოდა. ”ნეტა ამოიყრიდეს…” გაიფიქრა დადარდიანებულმა.

და უცნაურმა არტილერიამც დაიგრუხუნა…

ყალდენის თავზე ცა სკორეთი მოითხვარა, მერე საშინლად მოიღრუბლა და საარაკო ფრთოსანთა მომხიბლავი ქვეყნებიც გაუჩინარდნენ.

ტრედონა ატირდა… მერე თითქოს ცასაც წასკდა ცრემლი, ფრაციფუცის მთელი მუქარა ჩამოირეცხა და ძველებურად მოკრიალდა.

მაგრამ ლამაზ-ლამაზი ფრინველები და ფრინველთა ფერებით სავსე ქალაქებისა და სოფლების ხედები აღარსად ჩანდნენ…

ეტყობა ყველაფერი ცის ცრემლებს ჩამოჰყვა და ისევ პატივით სავსე ყალდენის მიწაში ჩაიმარხა.

ფრაციფუცსაც სიბრაზემ გაუარა და თავის ამალასთან ერთად, კვლავ სამოგზაუროდ გაეშურა. თურმე გაამაყებული იკვნეხიდა ყალდენის ოქროს საძირკველი ხომ უკლებლივ დავიბრუნეო…

იმ საელჩოებისა, საკონსულოების და მისი ამალის წყალობით კი, მთელს ქვეყნიერებას მოედო ვერაგ მტერზე მისი ბრწყინვალე გამარჯვების შესახებ აგორებული ჭორი…

თუმც, თვალწარმტაცი ფრაციოლასა და ბაგეგადმობრუნებული, დაუზარებლად მომრგვალებული ლულუფარის ცად გაფრენის თუ ერთად გაპარვის გულისამაჩუყებელი ამბავიც უსწრაფესად გავრცელდა.

მალე მათ სასიყვარულო თავგადასავალზე სიმღერებიც შეიქმნა…

ზოგი ნამალევად კვირობდა, ისეთმა ქალმა, ასეთ კაცში რა იპოვაო…

მხოლოდ მეყვავილე ტრედონამ იცოდა სიმართლე, ლულუფარი ხომ, ყვავილებით, ლამაზი ნივთებითა და სულისშემძვრელი ამბებით მკურნალობის ხელოვნებას ფლობდა…

===


)(

გონჰუ დელფინთა პლანეტიდან…


ეძღვნება დელფინ გონჰუს

ცხოვრებასა და მოღვაწეობს…


ციყვი პინტო დიდი ხტუნია ვინმე იყო. განსაკურებით წიფლის ხეთა ტოტებზე სეირნობა უყვარდა. ხტომა-ნავარდით ჩამოივლიდა მთელ წიფლნარს…

სერის ბოლოს, ბებერი წიფელი ეგულებოდა, რომლის ტოტებიდან ერთი უსახელო ზღვის უბე მოჩანდა.

იმ უბეში ჯანშენახული გონჰუ ცხოვრობდა, რომელსაც ზოგჯერ დელფინთა რჩეული დასი მოინახულებდა, ზოგჯერ კი, ყმაწვილი დელფინები ეწვეოდნენ სტუმრად.

გაისმოდა ტკარცალი და სტვენა _ დელფინთა თავისებური მუსიკა და წყლის სიღრმეში მშვენიერ ფერთა ჰარმონიით მიმოქარგული ფიგურები ინაკვთებოდა…

ის ტკარცალი და სტვენა სხვა არ იყო, თუ არა დელფინების სიმღერით საუბარი, რასაც შიგადაშიგ ფიგურებად გამოხატული ნააზრევის გადაცემა მოსდევდა…

პინტოს, განსაკუთრებით ახალგაზრდა დელფინთა მიერ გონჰუს საპატივცემულოდ გამართული თამაშების თვალთვალი უყვარდა. როცა ”დელფინები” წყლიდან ისრებივით ამოიჭრებოდნენ და თავისებურ კამარას შეჰკრავდნენ, ციყვი ვერ იოკებდა ჟინს და ცდილობდა, რაც შეიძლება მაღლა ამხტარიყო.

ერთხელ, მათი მიბაძვით, მართლაც ძალზე მაღლა აიჭრა და უეცრად ჩამოქროლილ არწივს პირდაპირ ბრჭყალებში ჩაუვარდა. არწივმაც, რა თქმა უნდა, შეიფერა ნადავლი და შორს, ტყის იქითა ბოლოს აღმართულ კლდის ნაპრალზე გაკეთებულ ბუდისკენ გასწია.

პინტო განწირული ჩანდა, მაგრამ ტყის შუაგულში მდებარე მწვანე მდელოს, რომ გაუსწორდნენ, არწივს ნისკარტში შურდულით გასროლილი ქვა მოხვდა. გვარიანად ემწვავა, ბრჭყალები გახსნა და ეს ჩვენი გულწასული ციყვი, მწვანე ველზე ფეხმოკეცვით მჯდომ ანოს, პირდაპირ ყვავილებით სავსე კაბის კალთაში ჩაუვარდა.

-ყოჩაღ ჯაკომანდრო, ასე უნდა მაგას!-შეაქო ხელმეორედ შურდულმომარჯვებული თავისი ძამიკო, რომელმაც მეორე გასროლით საბოლოოდ დააფრთხო მტაცებელი ფრინველი,-ნახე, როგორ შეუშინებია იმ საძაგელს, გული ძლივსღა უცემს…-ერთი, სამკურნალოდ მიჩნეული მინდვრის ყვავილი შეარჩია და ციყვს ცხვირის ნესტოებთან მიუტანა.

პინტო გონს მოეგო, მაგრამ უცებ წამოხტომა და გაქცევა არ უცდია. შიშნაჭამი ალბათ იმას ფიქრობდა, ყვავილებით სავსე კალათაში სიზმრად მოვხვდი თუ ცხადადო…

ახლა ჯაკომანდრომაც მოიცალა მისთვის. დაიკოსთან ჩაიმუხლა და თავისი მსხვილი თითები ციყვს თავზე გადაუსვა.

-შენზე ამბობენ, დიდი ხტუნია ვინმეაო და იმ არწივმა, ასე ადვილად, როგორ ჩაგავლო?!-უსაყვედურა სიყვარულით.

--აწ, ნურაფრის გეშინია, ხომ ნახე ჯაკომანდრომ შურდულვა რა მარჯვედ იცის…-კალათიდან გადმოსვა ანომ.

მოცოცხლებულმა პონტომ ორიოდ ნახტომი გააკეთა, მერე ბავშვები ყურადღებით შეათვალიერა, მათმა ნათელმა სახეებმა ძველი აღტყინება დაუბრუნა და რამდენიმე სასაცილო ილეთითაც მოიწონა თავი. ანო უმალ აჰყვა, ბოლოს ჯაკომანდროსაც წასძლია სულმა და შეიქმნა ერთი ხტომიალი.

პინტოს ძალზე მოუნდა თავისი მხსნელები ესიამოვნებინა და იფიქრა, მოდი ამათ დელფინების უბესთან მივიყვანო. რა დაუდგებოდა წინ, სიცილ-კისკისად ქცეულ ბავშვებს მისი გამოწვევა ისე მოეწონათ, სულ ხტომა-ხტომით აედევნენ უკან.

უბე, თითქმის დაცარიელებული ჩანდა. დელფინებს მოეთავებინათ ასპარეზობა და შინ დაბრუნებულიყვნენ, ნასიამოვნები გონჰუ კი, სანაპიროსთან ახლოს, მზის შუქზე გატრუნულიყო და თვლემდა.

ზღვის დანახვისას ბავშვებმა ჟრიამული ატეხეს, მერე წამით თითქოს შეყოვნება განიზრახეს, რომ დაუოკებელი პინტო, ბებერ, მაგრამ ჯანშენახულ გონჰუს ზედ ზურგზე დაახტა. ”შეგირდებმაც” ლაზათიანად მიბაძეს და წყლის ზედაპირზე გატრუნულ დელფინს დაასკუპდნენ.

გონჰუ დაფრთხა და უცებ თავგანწირვით გაქანდა შუაგულ ზღვისკენ. გონში, წამით, მეტად ძველისძველ დროში თავსგადამხდარი ფათერაკის ფრაგმენტი წამოუტივტივდა…

მორიგი ხტომის გასაკეთებლად შემზადებული სამეული გაშეშდა. და-ძმა კი არა, პინტოც ახლაღა მიხვდა, რომ გარშემო წყალი იყო და არა წიფლნარში გამავალი ბილიკი.

მაგრამ ჯაკომანდრომ, როგორც კი ნახა დიდი, ღონიერი დელფინის ზურგზე ისხდნენ, ვაჟკაცური ყიჟინა დასცა. მალე ახალი თავგადასავლით მოხიბლულმა ანომაც აუბა მხარი და სახტად დარჩენილი პინტო მხარზე შეისვა.

უცნაურად გონდაფანტული გონჰუ კი, რომელიც ისე ბებერი იყო, რომ ის ზღვაც კი არ იყო მასზე ბებერი, ოკეანისკენ გაიჭრა… სადღაც შორს, კლდოვან სანაპიროსთან ძველისძველი თავშესაფარი ეგულებოდა. მთელს დედამიწაზე, იგი ერთადერთი სულიერი არსება გახლდათ, ვისაც შესაძლოა, ის თავშესაფარი გახსენებოდა, რადგან იმ დელფინთაგან, რომლებიც ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ ჩვენს პლანეტაზე თავის გადარჩენის იმედით დაეშვნენ, მხოლოდ მან გაუძლო, ასე დიდხანს წუთისოფლის ვარამს.

მაშინ, მთელი მიწა წყლით იყო დაფარული, მათ კი ცურვა, ისე თავშესაქცევად იცოდნენ, მაგრამ რა ექნათ, დელფინთა პლანეტა, უკვე ისე იყო მოშხამული, რომ უკან მობრუნება უიმედო იყო. მალე ცურვაში გაიწაფნენ, წყალქვეშა სამყარო საცხოვრისად გაიხადეს და რადგან წყლით სავსე პირით ლაპარაკი შეუძლებელი იყო, მოვლენათა და აზრთა შორ მანძილზე გადაცემისა და აღქმის ანუ ტელეპატიის ხელოვნება განავითარეს…

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ეს ჩვენი გონჰუ, იმ ზღვაზე ბებერი ნამდვილად გახლდათ და იმგვარი, უნებლიე დაბნეულობით მისი ღირსება ოდნავადაც არ შელახულა… თანაც, სულ მალე წამიერი შიში მიივიწყა, თავშესაფრის ძებნას თავი მიანება, მოლივლივე ტალღებზე ნებიერად გაწვა, თვალები მილულა და უცაბედად მშვიდად და ღრმად ჩაიძინა.

ზღვის მშვენებით მოხიბლული ბავშვები, ერთხანს კვლავ ვერ მალავდნენ აღტაცებას, მაგრამ როცა მათ მხრებზე აქეთ-იქით მოხტუნავე პინტო საცოდავად აწრიპინდა, დაეჭვდნენ, რომ რაღაც საშიშროება ელოდათ.

ჯაკომანდრომ მახვილი მზერა მიმოატარა და შორიახლო მოტრიალე ზვიგენი შენიშნა. ჯიბიდან შურდული და ქვები დინჯად ამოიღო და მომხდურის მოსაგერიებლად შეემზადა.

მტაცებელი ანომაც შენიშნა და ჩაძინებული გონჰუს გაღვიძება სცადა, მაგრამ ოდნავ შეფხიზლებულმა გონჰუმ, მხოლოდ საკუთარი პერსონის წარდგენა მოიწადინა:

-გონჰუ, დელფინთა პლანეტიდან…-ამცნო ყმაწვილებს პირის გაუღებლად.

-გონჰუ, გენაცვალე, გაიღვიძე!-შეევედრა ანო-ნახე, რა საშინელი ზვიგენი გვიტრიალებს…

მაგრამ ძილ-მღვიძარე გონჰუ ალღოთი გრძნობდა, რომ ზვიგენი ასე ადვილად თავდასხმას ვერ გაუბედავდა, ამიტომაც მხოლოდ ოდნავ, გამაფრთხილებლად შეიტკარცალა…

ოღონდ, პატარების ხილვით გახელებული ზვიგენი, მაინც შემპარავად მიუახლოვდათ. ჯაკომანდრომ შურდული მოზიდა, უსწრაფესად დაუმიზნა და შიგ ტუჩ-კბილში მოარტყა. სიმწრისგან დარეტიანებული ზვიგენი ადგილზე დატრიალდა და როცა მეორეჯერაც დაეწეწკვა ტუჩ-კბილი, საითაც გზა იპოვა იქითკენ მოჰკურცხლა. პინტო მხიარულად აცეკვდა.

-ყოჩაღ, ჯაკომანდრო, ასე უნდა მაგას!..-შეჰყვირა ანომ და იმგვარად აკისკისდა, რომ გონჰუს ძალზე მოუნდა გამოფხიზლებულიყო და მისი კისკისით სრულიად დამტკბარიყო.

მაგრამ უნებლიეთ ისე ნებიერად გაიზმორა, რომ დაუფიქრებლად ამოტრიალდა. თანამგზავრები წყალში ჩაცვივდნენ. პინტომ იმარჯვა და სანამ წყალში ტყაპანს მოადენდა, კუდი ზემოთ აიშვირა. დაბნეული ანო კინაღამ ზედ ჩაეჭიდა. მაგრამ ციყვმა კუდი ლამის აფრასავით გაშალა, მარჯვედ შებრუნდა და ანოს თითებზე თათი დაჰკრა.

-რას სჩადი?! კუდი რომ დამისველდეს ჩავიძირები!-გააფრთხილა იგი.

ჯანშენახულმა გონჰუმ კეთილად გაიღიმა და ნიშნისმოგებით თქვა:

-დიახ, დიახ, სანამ წყალქვეშ ცხოვრებას შევეჩვეოდი, მეც ძლივსძლივობით ვცურავდი…

ხოლო ბავშვების დანახვა, არც კი გაჰკვირვებია…

-ღრმად პატივცემულო გონჰუ, წეღან ვერაფრით ვერ გაგაღვიძეთ?! არადა, თავს ერთი გაბოროტებული ზვიგენი დაგვესხა,_შესჩივლა ანომ.

-სასაურველია განსაცდელს თავად გაუმკლავდეთ, მაგრამ თუ ჩემი შეფხიზლება გსურდათ, უნდა გემღერათ, დელფინებს ხომ სიმღერა გვიყვარს!-პირის გაუღებლად ამცნო მათ და ყმაწვილები და ციყვი პინტო ზურგზე შეისვა.

-სიმღერას დედიკო გვასწავლის, ის რომ აქ ყოფილიყო, ალბათ გიმღერებდათ კიდეც…-გაუმხილა ანომ.

-ოო, ეს კარგია!...-მოიწონა გონჰუმ,-ალბათ არ იცით, რომ ჩვენი მოდგმა ერთმანეთში სიმღერით საუბრობს,_მან საამოდ დაუსტვინა,-სიმღერის ნიჭი, რომ არა, გადავგვარდებოდით. მისი წყალობით, ჩვენში უკეთურთა მიერ შემოტყუებულმა ვერაგობამ ფეხი ვერასგზით მოიკიდა…

-ჩვენ, ერთ მომღერალ ცხენს ვიცნობდით, ძალიან კარგი ვინმე იყო!..-თავმომწონედ შესძახა გონჰუს ნაამბობით გრძნობამოერეულმა ჯაკომანდრომ.

-მომღერალ ცხენთან მეც მითამაშია!-ხალისიანად შეხტა პინტო.

-სადღაც დაიკარგა, თუმცა მისი სიმღერის ხმა, ახლაც ჩამესმის…-ხმა დაუნაღვლიანდა ანოს.

-ვიცი, ვიცი, საამო გულშიჩამწვდომი ხმა აქვს, თავისიანებმა ვერ იგუეს და ნისლოვანი უფსკრულით გარშემორტყმულ მწვერვალზე გამოამწყვდიეს… თუმც, მან მაინც შესძლო დედისა და სხვათა დახმარება…-გაიხსენა გონჰუმ და ბავშვებს სიყვარულით ურჩია,-ხშირად იმღერეთ, კაცთა მოდგმას სიმღერაში ჩაქსოვილი სილაღე თუ გადაარჩენს…-წუთით რაღაცას მიუყურადა და გაბმით დაუსტვინა.

-მოგვიყევით, კიდევ გვიამბეთ რამე!-სთხოვა ანომ,-ოო, მოსაყოლი მართლაც ძალზე ბევრი მაქვს, ჩემი ტვინის ხვეულებში უამრავი ინფორმაციაა შენახული, სანამ ჩვენს პლანეტაზე ეკოლოგიური კატასტროფა მოხდებოდა, პაპაჩემი თურმე იქ, ტვინების ტვინი ყოფილა…-სიამაყე კანზეც აესახა,-მაგრამ ახლა ჯეროვნად ვერ ჩავუღრმავდები ძველისძველ ამბებს. აგერ, ჩვენი ახალგაზრდა დელფინები ძალზე შორს წასულან და დროა უკან გამოვიხმო!..-მან ჯერ წყვეტილად, მერე კვლავ გაბმით დაუსტვინა.

-როგორ, ასე შორს შეგიძლიათ ხმის მიწვდენა?!-გაიოცა ანომ.

-რა გიკვირს, განა არ იცი, რომ წყალში ბგერა ხუთჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჰაერში!-თავმომწონედ გაეპასუხა ჯაკომანდრო.

-ნაღდად დელფინთა მოდგმისა ხარ!-შეაქო გონჰუმ,-კარგად მახსოვს, იმ უხსოვარ დროში, თქვენი წინაპრები ჩემთან ერთად დაეშვნენ ამ პლანეტაზე…-ორაზროვნულად განმარტა ჯანშენახულმა დელფინმა,-მალე იქ, ჩვენს უბეში ყმაწვილ დელფინთა მცირე ოლიმპიადა გაიმართება, იმედი მაქვს პატივს დაგვდებთ და მშობლებთან ერთად გვეწვევით!-გულმხურვალედ მიიპატიჟა მერე.

-ოოო, რა საოცარი სანახაობები გველოდება!-ალალად გაიხარა პინტომ და ისე მაღლა შეხტა, ლამის კვლავ წყალში მოადინა ტყაპანი.

-დიახ,-თავისებურად გახალისდა მასპინძელი,-ჩვენ ვასწავლით სუნთქვის, სიმღერის და საბრძოლო თავდაცვის ხელოვნებას, მე თავად სულისა და სხეულის ჰარმონიის, სიმხნევის აღძვრის, ნებისყოფის გამომუშავებისა და სულმოკლეობის დაძლევის მეთოდებს განვუმარტავ ჩვენს ყმაწვილებს.-აკი, ანდაზა ამბობს: სულმოკლე კაცი უჭკუოს მონახევრეაო…

-დიახ, შიშით, წამით იქნებ შეშინდე კიდეც, მაგრამ ნებისყოფისა და სიმხნევის წყალობით წონასწორობას მალე აღიდგენ!-მამის დარიგება გაიხსენა ჯაკომანდრომ.

-მშვენიერია!-თავისებურად აღფრთოვანდა ჯანშენახული გონჰუ,-ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჯანის სიმრთელე, მხოლოდ ღვთისგან ბოძებული პირობა-საფუძველია სრულყოფისა და სრულქმნის ასპარეზზე. ჩემი მეგობარი ოანესი, თევზის თავიანი კაცი, აკი ხალხს, უპირველესად სიმღერას, ჭეშმარიტი ხელოვნების არსს, მიწის დამუშავებას, სახლების აგებას და სხვადასხვა მეცნიერებებს ასწავლიდა…-იგი შეყოვნდა, ალბათ მიხვდა აზრი სხვა მიმართულებით გაექცა.

ანოს დაეტყო, კვლავ სურდა ჩაძიებოდა, მაგრამ ჯაკომანდრომ წინდახედულობა გამოჩინა და სიმღერა წამოიწყო. დაიკოც უმალ აჰყვა. მშვენიერი, საამო ხმით მღეროდნენ… ბგერებმა, თითქოსდა წყლის ზედაპირზე გაიწკრიალეს, ციყვმა პინტომაც კი სცადა ამღერება, რადგან წიფლნარის გახსენებაზე უკვე სული მისდიოდა.

ტკარცალითა და სტვენით გართულმა გონჰუმ მშობლიური ყურესკენ აიღო გეზი.

ბავშვები ისე ლაღად და ლამაზად მღეროდნენ, რომ სხვადასხვა შეფერილობისა და მოყვანილობის თევზებმა გუნდ-გუნდად მოიყარეს თავი და დელფინის გარშემო საპატიო წრე შეკრეს. მალე ზღვის ფირფატები, თოლიებიც შემოემატნენ… უკანა ფეხებზე დამდგარი ციყვი სიხარულის ნიშნად წინა თათებს ერთურთს ურტყამდა.

სასურველ სანაპიროს, რომ მიუახლოვდნენ, ბავშვებს მაღლობზე შეფენილი ტყიდან მათი ძებნით დაღლილი დედის სასოწარკვეთილი ხმა შემოესმათ. აფორიაქდნენ, წყალში ნაადრევად გადაცვივდნენ და ისე მარჯვედ მოუსვეს მხარული, რომ იმ ზღვაზე ბევრად ხნიერ გონჰუს გული გაუნათდა.

”აი, დახეთ, სიმღერამ, როგორ გააყოჩაღათ…” გაიფიქრა და ზურგზე შერჩენილ პინტოს გაანდო:

-მე აუცილებლად ვასწავლი მათ დელფინთა ენაზე ლაპარაკს… და აუცილებლად შევასწავლი საბრძოლო თავდაცვის ხელოვნებას!-მერე კი თავისთვის გაიფიქრა: ”იმედია ისინი სხვებზე უკეთ შეიცნობენ ჩვენი ცხოვრების წესს და მომავალში ახალგაზრდა დელფინებთან ერთად დელფინთა პლანეტის მონახულებასა და გამოცოცხლებას შესძლებენ…”

ციყვი ხალისიანად შეეხმიანა, თავისებურად ახტა, ჯერ ანოს დაასკუპდა ზურგზე, მერე ჯაკომანდროს და მიწაზე თათების შეხებისთანავე თავის საყვარელ წიფლნარისკენ მოჰკურცხლა.

ნაპირზე გასული და-ძმა ღრმად პატივსაცემ გონჰუს ხელების ქნევით ემშვიდობებოდნენ:

-არ მოიწყინო, აუცილებლად გინახულებთ!-შეპირდა ანო,-შენი ნაამბობი ძალიან, ძალიან მოგვეწონა…

დედის მორიგი შეძახილი რომ არა, ენადგაკრეფილი გოგო თავისას გააბამდა.

ჯაკომანდრო კი მშობლებთან შესახვედრად გაქანდა, თან სიმღერით გაიფიქრა:

”გმადლობთ, კეთილო და ძლიერო გონჰუ! წყალქვეშა სამყაროში შენზე ძვირფასი და ახლობელი ჩვენ არავინა გვყავს…”

შვილების დანახვით გახარებულმა დედამ კი, თავისდა უნებლიეთ ბილიკზე ამომავალ პატარებს მიუმღერა:

-ჩემო საყვარლებო, ჩემო ონავრებო, ჩემო გონიერო, კარგო დელფინკებო!..

ხტომიალა ციყვმა ისე ჩაუქროლა ანოსა და ჯაკომანდროს ჯერ კიდევ მშფოთვარე მამას, მობოდიშების ნიშნად სიტყვაც არ დასცდენია… ისე უზრუნველად მიიმალა წიფლის ხის ტოტებში, თითქოს ის ფათერაკიანი ამბავი, მისი წამოწყებული არ ყოფილიყოს…

ჯანშენახულმა გონჰუმ კი გამომშვიდობების ნიშნად შეიტკარცალა, მერე წყლიდან სტვენითა და საოცარი მიზანდასახულობით ამოიჭრა, ჰაერში დელფინთა პლანეტის სიმბოლო მოხაზა და წყალქვეშა სამყაროს მშვიდად მიაშურა…

სიმბოლოს კვალად კი მისამღერი გაისმა:


ზღაპრის კალთა ავიკეცე,

შიგ ვაგროვე ფერთა ფერი,

ცას მიხატულ ვარსკლავებზე

დელფინი ხტის, თანაც მღერის…

===

)(

ნ ა კ ვ ე რ ჩ ხ ა ლ ა

/\

იყო ერთი დარდისგან გალეული დედაბერი. მინავლებულ თონესთან ჩამჯდარს თავი მის კიდეზე ჩამოედო და თვლემდა. ფიქრმორეულს თონეში ჩაკრული პურის ამოღებაც დავიწყნოდა. ასე იყო, როგორც კი, დიდი ხნის წინათ ომში დაკარგულ ქმარ-შვილზე ფიქრი გაიტაცებდა სხვა ყველაფერი ავიწყდებოდა…

ახლა ძილ-ბურანში მყოფი, შვილს ეალერსებოდა და გული უკვნესდა; ამის მეტად, ალბათ ვერც ვერასოდეს ვნახავო…

დარდისგან კიდევ უფრო დაღლილს, თვალიდან ობოლზე ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა. ის ცრემლი, ერთ მინავლებულ ნაკვერჩხალს დაეცა. ფერფლდაკრულ, მინავლებულ ნაკვერჩხალს დედაბრის ეულმა ცრემლმა, თითქოსდა სულზე მიუსწრო…

იგი ტკბილად აშიშინდა, შიშინმა კი, თონიდან, რაღაც ნისლის მაგვარი ბურუსი ამოიყოლია და იქიდან მშვენიერზე მშვენიერმა ასულმა გადმოაბიჯა. დედაბერს გვერდით მიუჯდა და მიუალერსა.

აქ, საიდან გაჩნდი და ვინ ხარო, შეკრთა შეფხიზლებული დედაბერი.

-შენმა ცრემლმა გადამარჩინა, ის ბოლო ნაკვერჩხალიც, რომ ჩამქრალიყო, ვეღარასოდეს ვიხილავდი დღის სინათლეს, ისე კი, მეფის ასული ვარ, მამაჩემზე გაავებული ბოროტი ჯადოქრისგან განწირულიო… გაუმხილა ასულმა.

-კი მაგრამ ეს როგორ, გაიოცა დედაბერმა. შენისთანა მზეთუნახავი, ასე უბრალოდ, როგორ უნდა გამქრალიყო, ან ჩემმა ცრემლმა, როგორ გადაგარჩინა?!

-როგორ და, როცა მამაჩემს წაკიდებულმა ჯადოქარმა ტყესთან გამიტყუა და ის იყო ხის გამხმარ ტოტად უნდა გადავექციე, უკან ადევნებულმა ჩემმა დედიკომ მოასწრო და შემილოცა, დედის ცრემლი ეპკუროს და მადლად ექცესო; ესღა მოასწრო და იმ საძაგელმა ჯადოქარმა თავად ის, შემოდგომის ფოთლად გადააქცია და ქარს გაატანა, მე მოვასწარი და შევულოცე ჩემი შველა შენს შველად იქცეს მეთქი!.. ჰოდა, ახლა შენი მადლით ჩემი დედიკოც დაიბრუნებდა თავის ნამდვილ სახეს, მაგრამ ვინ იცის ქარმა ის ფოთოლი სად წაიღო…

-რას ვიფიქრებდი, ჩემისთანა უბრალო დედაბრის ცრემლს ასეთი სასწაულის მოხდენა თუ შეეძლო?!-გაიოცა ქალმა.

-ეტყობა, შენი ცრემლი ვიღაცისადმი დიდი სიყვარულით იყო სავსე და ამიტომაც მიშველა…-მიუგო ასულმა.

-ახლა, ალბათ სასახლისკენ მიგიწევს გული და მალე მიმატოვებ,- დაიჩივლა მისი ნახვით გახარებულმა ქალმა.

-არა, რას ამბობ!.. გული კი მიმიწევს, მაგრამ, სანამ მადლით არ ავივსები, შინ ვერ დავბრუნდები, რადგან ის ავი ჯადოქარი ისევ გამხმარ ტოტად გადამაქცევს, აკი მაშინაც, ჩემი უდარდელობით ისარგებლა, მძლია და მომაჯადოა. დავრჩები შენთან, მოგივლი, სიკეთის ქმნას ვისწავლი და მერე ვნახოთ....

გაიხარა დედაბერმა. ახლო-მახლო ხომ მის გარდა არვინ ცხოვრობდა. თანასოფლელბი ჟამიანობას აყრილიყვნენ და შორს მთებში გადახვეწილიყვნენ…

ქმარ-შვილის მომლოდინე ქალი კი, იქაურობას სამუდამოდ შერჩა. მარტოსულს ეგონა ლაპარაკი გადავიწყებული ჰქონდა, მაგრამ ასულის მოვლინებამ საღერღელი აუშალა და მოჰყვა ქავეყნის ამბავს, თან შიგადაშიგ მეფის ასულს რაიმეს სიყვარულით დასააქმებდა…

ნაკვერჩხალაც არ იზარებდა, საოჯახო საქმეებს სწავლობდა და მადლს მისხალ-მისხალ აგროვებდა.

გამოყოჩაღებული დედაბერს იმედი დაუბრუნდა, იქნებ მეღირსოს და ჩემი ვაჟკაცი დაბრუნდეს, ის ხომ ისეთი თვალტანადი მყავდა, არ მგონია ჩემმა ნაკვერჩხალამ დაიწუნოს და ალბათ შვილიშვილებსაც დავურწევ აკვანსო….

ხანდახან ასულსაც გაუმხელდა თავის ნატვრას, თითქოს არც ის იყო უარზე, მალვით, მოხდენილი, საოცნებო ვაჟკაცის გამოჩენასაც კი ელოდა.

ერთ, ნათელ ღამეს, მათ კარზე ვიღაცამ დააბრახუნა.

დედაბერს გული შეუკრთა. წარმოიდგინა კართან მისი თვალტანადი ვაჟი იდგა.

მარჯვედ გააღო კარი და რას ხედავს ზღურბლს ხეიბარი მოსდგომია: მაღალი, ჩონჩხივით კაცი, სახე მიღრეც-მოღრეცია, მხარამოვარდნილი ლამის კუზიანსა ფგავს, ყანჩასავით ცალ ფეხზე დგას, მეორე კი, მუხლში უშნოდ მოხრილი საწყალობლად უტოკავს და ყავარჯენზე ძლივს იმაგრებს თავს.

ვინ ხარო?! შეშინდა დედაბერი.

არ ვიცი, სახლს დავეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობო, შემომიშვი, ცოტას მოვისვენებ და დილით წავალო, ძლივს გააგებინა მან.

კარგი, ოღონდ კართან წამოწექი და უთენია წადი, შვილობილი არ დამიფრთხოო, გაუპირდა იგი.

სახიჩარი ძლივს წამოწვა კართან და ღონეგამოცლილს ჩაეძინა.

დედაბერს თვალი არ მოუხუჭავს, როგორც კი, ირიჟრაჟა წამოდგა და არასასურველ სტუმარს გაღვიძება დაუწყო, თან ხელში პურს ჩრიდა, ადექი, წადი, საცაა ჩემი შვილობილი გაიღვიძებს და თვალი არ შეგასწროსო…

ამასობაში ნაკვერჩხალამაც გაიღვიძა, თვალი შეასწრო დედაბრის მიერ გაგდებულ სახიჩარს და შიშისგან შეჰკივლა.

მაგრამ უმალ შერცხვა. გული გაიმაგრა, მსწრაფლ წამოდგა, შეიმოსა და ხეიბარს გამოუდგა.

არა, მაგას ნუ იზამო, შეევედრა დედობილი.

დედი, შენ ნუ შიშობ, მაგის მოვლას მე შევძლებო… გაეპასუხა იგი, მერე გონარეული ხეიბარი ძალით მოაბრუნა. დაუყვავა და ბუხართან დასვა…

დააპურა, ფეხებიც დაბანა, სუფთა ლოგინი გაუშალა და მოასვენა.

ეგ უბედური, შენგან მოვლის რა ღირსიაო, აბუტბუტდა შეცბუნებული დედაბერი, ზედმეტი პატივისცემა მოუვა, როგორც კი გაიღვიძებს თავის გზაზე გავისტუმროთო.

ამას ნუ იტყვიო, შეევედრა მეფის ასული და მძინარეზე ანიშნა, აბა ყური მიუგდე, ნახე, რა გემრიელად ფშვინავს, ამ კაცს, ნაღდად შინ ჰგონია თავიო.

მართლაც, გაღვიძებული კაცი ისე იქცეოდა, ვითომდაც ნაცნობ გარემოში ყოფნა ეამა და წასვლას არც ფიქრობდა.

დედაბერიც ცოტათი გონს მოეგო, გული სტუმრისკენ მიუწევდა, მაგრამ შიში ჯაბნიდა, ნაკვერჩხალა კიდევ უფრო არ წავაქეზო და ამ საცოდავის მოვლით არ გაიტანჯოსო.

მეფის ასული კი გულმოდგინედ უვლიდა ხეიბარს, საგანგებოდ დამზადებული კერძებით კვებავდა. ბალახბულახისგან დამზადებულ წამლებს ასმევდა…

ბოლოს ღრმა ძილისმომგვრელი ნექტარით გაბრუებული, მალამოებით გაჟღენთილ დოლბანდებში შეახვია და ლოცვას შეუდგა.

გამთენიისას ჩაეძინა.

გაღვიძებულმა დედაბერმა კი, შეჰკივლა…

საწოლში მისი თვალტანადი ვაჟი იწვა.

გონსმოსულმა ჭაბუკმა იცნო დედა, თავისთან იხმო, სახტად დარჩენილს მიესიყვარულა და დაამშვიდა. მერე გაღვიძებულ ნაკვერჩხალას მდაბლად დაუკრა თავი და უთხრა; მზად ვარ სიცოცხლის ბოლომდე გემსახუროო… მეფის ასულმა თვალებით მიანიშნა, მე ის მახარებს, შენი გამოკეთება რომ შევძელიო…

დედაბერმა ბევრი იტირა, ეს როგორ მომივიდა, საკუთარი შვილი ვერ ვიცანიო…

გახარებულმა ვაჟმა მამისეული ნაბადი ამაყად მოისხა, მშობლის დაღუპვის ამბავი ღირსეულად გაიხსენა, და გაოცებულმა დაამატა: ბევრისთვის მეც მკვდარი ვიყავი, საკუთარ თავს თავად ვერ ვცნობდი, ჭკუაარეული ღმერთმა იცის სად არ დავეხეტებოდი, ასანაირ ხიფათს გადავეყარე და ახლა რაღაც სასწაულმა მომაბრუნა ამქვეყნადო…

აი, შენი გადამრჩენიო, მიუგო თვალცრემლიანმა დედამ და მეფის ასული ჩაკოცნა.

ვაჟს უმალ შეუყვარდა ქალი, ან ისეთ მშვენიერსა და სათნოს როგორ არ შეიყვარებდა, თავი დაუკრა და სთხოვა: დღეიდან მე მიმსახურეო…

არა, ისევ თქვენ მიმსახურეთო, არ დაიბნა მეფის ქალი, არ გაახრა მისი ოჯახის მოძულე ჯადოქალი და დედა-შვილი ლამაზად გამოწყობილ სუფრასთან მიიწვია.

მერე რაც მოხდა, ალბათ მკითხველმაც შეიცნო;

მადლით აღვსილი და გაძლიერებული ქალი შინ, სასახლეში უშიშრად დაბრუნდა.

ღაწვები ნაკვერჩხლისებრ უღუოდნენ, თან ახლდა მშვენიერი ვაჟკაცი და მისი გახარებული დედა.

მოხუცი მამა სიხარულით შეეგება მისულთ, ხოლო მეფის ასულის ამგვარი კეთილშობილებით დარეტიანებული ჯადოქარი ბუხარში დანთებულ ცეცხლის ალში მოემწყვდა და შიგ ჩაიხრუკა…

რა თქმა უნდა, სიყვარულით გამთბარმა ერთმა ცრემლმაც კი ვერ მიუსწრო…

უცრემლო ქვეყანაში გაუჩინარებული დედოფალი კი, სასახლეში ზღვის ქარს მოჰყვა, საჩუქრებით ხელდამშვენებული დელფინების ამალამ მოაცილა და სანაპიროსთან, სადაც სასახლე იდგა, ისეთი არნახული ლხინი გაიმართა, რომ ამ ამბავს იქაური მაცხოვრებლები დღესაც ცალკე ზღაპრად ჰყვებიან…


===



)(

ლოკოკინა და ბუღა მაყრად მიდიოდნენ…



ყუდია კაი მაგარი ვინმე იყო… რომ დაიჩემებდა, სანამ ჩემსას არ მივიღებ, აქედან ფეხს არ მოვიცლიო, არც მოიცვლიდა, სანამ თავისას არ მიიღებდა…

მართალია, ხშირად ეს გვარიანი პანღური იყო, მაგრამ ყუდია ტრაბახობდა, ჩემი ხომ გავიტანეო…

ხშირად პანღური არ ჭრიდა; იგი მაინც იდგა და ელოდა და ბოლოს გამოსტყოვდა კიდეც სარგებელს…

ერთხელ ერთ დედაბერს მიადგა, იმას კი, არა ებადა რა… ეს კი იდგა და ითხოვდა. ბოლოს დედაბერს შეეცოდა, ადგა გამოუყვანა თავისი საყვარელი ლოკოკინა და უთხრა: აი, ეგღა შემრჩა, მე სადააცა სულს უფალს მივაბარებ, შენ კი უნდა მიხედო, იცოდე არ მიწყენინო, პატივისცემით მოეპყარ, საღამოობით ბოსტანში გაასეირნე, თავსაც გამოკვებავს და შენც გიპატრონებსო…

ყუდია დაიბნა, ჯერ ასეთი რამ არ შემთხვეოდა, ხან რას მისცემდნენ, ხან რას, ერთხელ შექეიფიანებულმა დარდიმანდმა ბატკანიც კი აჩუქა, მაგრამ ჭია-ღუა თუ ლოკოკინა მიებარებინოს ვინმეს, მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია…

ლოკოკინამ, როგორ უნდა მიპატრონოსო, დაბნეული დასცქეროდა ხელისგულზე დადებულ ნიჟარას, მერე ჩაიმღერა: გული როსტომისა და ბარგი ლოკოკინასიო… ჩვევად ჰქონდა რასაც გულით აჩუქებდნენ არ გადაეგდო, ასეც მოიქცა, ჩაიდო ხალათის ჯიბეში და ბედის საძიებლად გზას გაუდგა. დაღამებულზე ისე მიწვა ბალახზე დასაძინებლად ლოკოკინა არც კი ახსოვდა…

რომ გაიღვიძა, ნახა ლოკოკინას ნიჟარაში წევს არხეინად, გარეთ წვიმაა, თავად კი მშრალია. ეს როგორ ამხელა კაცი ლოკოკინას ნიჟარაში როგორ ჩავეტიეო, გაკვირდა იგი.

მშვიდად იწექი შენ ფიქრით წევხარ ნიჟარაში, ფიქრით ხარ დაცული და წვიმაც არ გეკარებაო… აუხსნა ნიჟარაში მოკალათებულმა ლოკოკინამ.

ფიქრით როგორ შეიძლება ვიყო დაცულიო, შეშინდა ყუდია.

სწორედაც რომ შეიძლებაო, დაამშვიდა ლოკოკინამ, ალბათ მოგშივდაო და მიართვა ბოსტნეულიდან გამზადებული მშვენიერი საუზმე. ასე გემრიელად რა ხანია არ ესაუზმა ყუდიას. გამოძვრა ნიჟარიდან, უფრო სწორად ფიქრის ნიჟარიდან და ჩვეულებისამებრ საშოვარზე გასწია… მაგრამ მალე მიხვდა, რომ მათხოვრობა აღარ გამოსდიოდა, თუ ვინმეს რასმეს თხოვდა, ისე ტკბილად ითხოვდა: შენ გაიხარე ყუდია, დროზე მომისწარ, მოდი ხელი წამომაშველეო, რომ ყუდია უარის თქმას ვერ ახერხებდა… უმალ დაიკაპიწებდა სახელოებს და ხან შეშას ჩეხავდა, ხან მიწას ბარავდა, ხან ცხენს ხედნიდა და გასამრჯელოსაც გულუხვად უხდიდნენ.

თავად უკვირდა ამას, როგორ ვაკეთებო… ფიქრით ხარ დაცულიო, ამშვიდებდა ლოკოკინა…

მალე მთელ იმ მხარეში გამრჯე კაცის სახელი დაიგდო და მშვენიერი სასიძოც შეიქმნა.

ახლა კი, ნაღდად გამომადგება თხოვნის ჩემეული ნიჭიო, გაუჯდა გონებაში და იმ მხარეში ვაჟკაცთა, ბეჩავთა და ხელმოცარულთა საქორწინო ოცნებად ქცეულ შეძლებული დიდმთვარის ხელის სათხოვნელად გასწია.

”ყუდია მოვიდა, ყუდია!..” უმალ გავარდა ხმა.

დიდმთავარმა ეგ ამბავი, რომ გაიგო გვარიანად გაერთო და იცინა, მერე ხელქვეითებს უბრძანა; ეს ღვთის გლახა ერთი აქ მომგვარეთო.

ყუდია ბალახზე მიშვებული ნიჟარაწამოკიდებული ლოკოკინას თითები ფრთხილად მოსჭიდა, მერე მისთვის განკუთვნილ ჯიბეში დააბინავა და თამამდ შევიდა ეზოში, გულუბრყვილოდ ფიქრობდა ალბათ რამეს დამავალებენ მეც გავირჯები და ქალსაც გამომატანებენო.

მერე საბოძვრის მოლოდინში დიდმთავრის წინაშე ჩვეულებისამებრ დაეყუდა…

რას გვიბრძანებო, მხიარულად შეეკითხა ბატონი.

ყუდია არ დაბნეულა, შენი ქალიშვილის ხელის სათხოვნელად მოვედიო მიუგო.

დიდმთვარი სიცილისგან ლამის ახვიხვინდა…

მაშ ასე, ჩემი დიდმზვითვიანი ქალი მოგინდა, სანამ არ გაგატან ადგილიდან არ დაიძვრებიო… ნაწყვეტ-ნაწყვეტ თქვა მერე და გლეხურ კილოზე მოუქცია:

შენ გაიხარე ყუდია, დროზე მომისწარ, ის ჩვენი ბუღა ბუღავი ცოტას გვიძალიანდება, გარე-გარე გარბის და ნახირს არ ეკარება, წადი მოძებნე და ბაწრის ჩამბმა თუ ვერ შეძლო აქამდე მაინც მოდენეო…

ყუდიას წარბიც არ შეუხრია, არადა ის ბუღა ისეთი ვეებერთელა და საშინელი რამ იყო კაცი ვერ ეკარებოდა…

თქვენი თხოვნა და ჩემი მსახურებაო, ისე გულწრფელად მიუგო დიდმთავარსა და მის მსახურებს სიცილის ხალისი თითქოსდა პირიდან გამოაცალა.

მერე მასახარაობაში დახელოვნებულ ხუმარას მიერ კიბიდან ნასროლი ყულფიანი თოკი მარჯვედ დაიჭირა და ბუღას საძებნელად გასწია.

ეგ უკან დამბრუნებული არაა და მაგ ბაწრის საფასური ჩემს გასამრჯელოდან გამოქვითეო… იხუმრა მასხარამ.

დიდმთავარს ისევ გაეხსანა სიცილის მადა და აროხროხდა, ხელქვეითებიც დიდი მონდომებით იცინოდნენ, იჭაჭებოდნენ თუ ხრიალებდნენ…

ლოკოკინასგან ნაწრთობი, ფიქრით დაცული ყუდია ველად გაჭრილ კუნაპეტ ღრუბელივით ბუღას არხეინად მიადგა, ბაწარი მის ფეხებთან დააგდო და თხოვა:

შენს ვაჟკაცობაზე ბევრი რამ გამიგია, პატივი დამდე და ჩემსა და დიდმთავრის ასულის ქორწილში მაყრად გამომყევიო…

ბუღა თავდაპირველად თითქოსდა გაოცებით შეჩერდა… მერე კმაყოფილებით შეიზმუილა ყუდიას მორჩილად გაყვა.

ფიქრით რას ფიქრობდა ვერ გეტყვით, მაგრამ ნიჟარაში მოფუსფუსე ლოკოკინას მიერ აღძრული ალღოს წყალობით ყუდია თავისიანად შეიცნო, პატრონად შეიგულა და ენით ხელიც კი აულოკა.

მათი ხილვით გაშტერებული დიდმთავარი და მისი ამალა ისე დაიბნენ შეშინებაც ვერ მოასწრეს.

დიდმთავრის ქალიშვილი უკვე მოხიბლულიყო ყუდიას ვაჟკაცობით, ჩამოირბინა სასახლის კიბე და საქმროს მიეჭრა.

ეს როგორ მოახერხეო, უნდა ეკითხა, მაგრამ ყუდიამ იმგვარი ფიქრები შეაგება, ქალთან ერთად თავადაც ისე გამშვენიერდა ამ ფიქრებით, რომ იქვე სახალხოდ ერთმანეთს გადაეხვივნენ და სიყვარული შეჰფიცეს…

ქორწილიც უცებ გაჩაღდა. სიძის მაყრიონში ლოკოკინასა და ბუღას გარდა კიდევ მთელი იმერ-ამერი იყო...

Постоянные читатели

Обо мне

Моя фотография
ჯანრი გოგეშვილი,_პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი, პუბლიცისტი… /Джанри Гогешвили, _ прозаик, поэт, драматург, юморист, сказочник, эссеист, публицист.../ Janri Gogeshvili,_ prosaist, poet, playwright, humorist, storyteller, essayist, publicist…/Tbilisi,Georgia.